“ცალკეულ დეპუტატებთან „ქართული ოცნების” დიალოგი ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა, თუმცა პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს” – მაია ცქიტიშვილი

ცალკეულ დეპუტატებთან “ქართული ოცნების” დიალოგი, ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა,- ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დიალოგის პროცესი უნდა გაგრძელდეს. მაია ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი დანარჩენ ოპოზიციასთანაც შედგება.

“ალეკო ელისაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ დეპუტატს, რომელიც არის არჩეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, აქვს სრული არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ შევიდეს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ არ განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს, თუნდაც, როცა ვსაუბრობთ პოლიტპატიმრებზე, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პოლიტპატიმარი საქართველოში არ გვყავს და შესაბამისად, რეალურ დიალოგზე როცა ვსაუბრობთ, ამ დიალოგის ფარგლებში რეალური პრობლემების გადაჭრაზე უნდა ვისაუბროთ და ერთ- ერთი ინიციატივა, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ეს იყო ერთ- ერთი საკითხი, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული და “ქართული ოცნების” მზაობაც იყო, რომ გაგრძელდეს ძალიან აქტიური მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთ ცალკეულ ინიციატივებზე, ცალკეულ დეპუტატებთან “ქართული ოცნების” დიალოგი ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი და დიალოგის პროცესი, რომელიც წარიმართება, მე იმედი მაქვს, რომ დანარჩენ ოპოზიციასთანაც დიალოგის მეხუთე რაუნდიც შედგება ადრე თუ გვიან. ამ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ ცალკეულ დეპუტატთან “ქართული ოცნება” როგორც პარტია უნდა შევიდეს ამა თუ იმ კომუნიკაციაში, თუმცა, პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს.

მსგავსი თემები