რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინამ და როგორ აპირებს ჯანდაცვა მის გაკონტროლებას?!

​ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება მკაცრი კონტროლი განხორციელდება, კერძოდ, საუბარია, იმ გვერდით მოვლენებზე, რომელიც შესაძლოა ვაქცინამ გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  იმუნიზაციას გვერდითი რეაქციები ახლავს ხოლმე და მისი  აღრიცხვის გაიდლაინს კოვიდვაქცინის დამახასიათებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიც დაემატა.

„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოჰყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ მედიასთან.  

მისივე განმარტებით, საუბარია მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის გვერდით მოვლენებზე.

„გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია. არის მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას თან ახლავს და ეს აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები