პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: “EKOL Tisa”-ისა და “KRAL”-ის მოდელების 2 პისტოლეტი, “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები