“პატიმრების გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ესხმის თავს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ომბუდსმენის წარმომადგენლებს ციხეში ვიზიტის დროს ექმნებათ. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არსებობს პატიმრების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ესხმიან თავს აპარატის თანამშრომლებს. მისივე ინფორმაციით, ასეთი ფაქტები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები, რომელიც ვითარებას აკონტროლებენ. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა კონკრეტულ დაწესებულებებში მომხდარ კონკრეტულ ინციდენტებზე.

“სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, როდესაც დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი “არაფორმალური მმართველების” მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას,”-აცხადებს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას, იუსტიციის მინისტრს და პროკურატურას აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს. 

“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის; საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით,”- აცხადებს სახალხო დამცველი.

მსგავსი თემები