კერძო სექტორიდან დღგ-ს სახით 1 მლრდ ლარი უნდა დაბრუნდეს – პრემიერი  

​პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე წელს, დღგ-ს სახით  ნახევარ მილიარდ ლარამდე უნდა შევიდეს. დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორიდან, თითქმის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღგ-ს დაბრუნების სისტემა ერთ-ერთი მტკივნეული თემაა და მისი მოგვარება მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა. წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს ამ თვალსაზრისით. კერძოდ, დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო საწარმოში, საგადასახადო ორგანოების ან უმრავლეს შემთხვევაში ფინანსური პოლიციის შესვლასთან. ამ ძალიან მავნე პრაქტიკამ ქართული ბიზნესი დააზარალა.

„პირველი იანვრიდან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით – ეს არის დღგ-ს დაბრუნების სისტემა. აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და არაერთხელ ვისაუბრე ამაზე. სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით. მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ კომპანიებს და მეწარმეებს აქტიურობისკენ, მოვუწოდებ შეავსონ განაცხადები. ეს პროცესი არის ძალიან მარტივი, კომფორტული და მეგობრული. მესმის, რომ წარსული გამოცდილება ამ ნაწილში არის ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი და სამართლიანი თამაშის წესები”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე და ბიზნესმენებს მოუწოდებს მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში.

 

მსგავსი თემები