“მათ თქვეს, რომ კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ნაცემი, არ შეიძლება” – ბექა ნემსიწვერიძე

დღეს 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ახალ დეტალებზე საუბრობენ. ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ სამხარაულის ექსპერტებმა სასამართლოს ახალი ინფორმაცია მიაწოდეს.

საუბარია სპეციალისტებზე, რომლებმაც ჯერ ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს, შემდეგ კი გამოძიების კითხვებს კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში უპასუხეს. სასამართლოში სპეციალისტები გასულ კვირაში გამოიკითხნენ. საუბარია როგორც სამედიცინო, ასევე კომისიურ ექსპერტიზაზე.

ადვოკატების მტკიცებით, ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები შესაძლოა მიეღო 15 მეტრზე ნაკლები ვარდნის, ასევე წყალში მოხვედრის შედეგად.  

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ნემსიწვერიძე ამბობს, რომ სპეციალისტების თქმით, კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ნაცემი, არ შეიძლება. 

“დავუსვით შეკითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ბეტონის ფილასთან შეჯახების შედეგად მიეღო იგივე დაზიანება. ის არ გამორიცხავს, რომ იგივე დაზიანება შესაძლებელი იყო ამ ბეტონის ფილასთან შეჯახების შედეგადაც მიეღო. მათ თქვეს, რომ კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ნაცემი, არ შეიძლება,” – ამბობს ბექა ნემსიწვერიძე.

ექსპერტების დასკვნის შედეგებზე საუბრობს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე. 

“სასამართლო სხდომაზე, ექსპერტებმა არ გამორიცხეს რომ ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს შესაძლოა მიეღო 15 მეტრზე უფრო დაბალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა მიეღო მდინარე არაგვში არსებულ საგნებსა თუ ნივთებზე შეჯახების შედეგად. ექსპერტებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს მხოლოდ ის ადგილი, რომელიც მათ გამომძიებლებმა მიუთითეს,“ – განაცხადა შოთა კახიძემ. 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სხეული იმ დაზიანებებს რაც ჰქონდა ვერ მიიღებდა, მხოლოდ წყალში გადაადგილებით.

“საუბარია დაზიანებების ლოკალიზაციაზე, მხარეობაზე მათ ხასიათზე და ბუნებრივია ამ პირობებში ამ დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა მას არ ექნებოდა. დაზიანებები რაც მნიშვნელოვანი იყო სხეული წყალში გადაადგილების და მოძრაობის დროს ვერ მიიღებდა,”- აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ მოხდა მთლიანი ტერიტორიის შესწავლა, სადაც გიორგი შაქარაშვილი სავარაუდოდ გადაადგილდებოდა. საქმის პროკურორი გამორიცხავს, რომ 19 წლის ფეხბურთელს ამ ტერიტორიაზე გარკვეული დაზიანებები მოეღო.

მსგავსი თემები