“პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა” – ირაკლი კობახიძე

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, თუმცა, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, როდესაც პარტიას აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა.

„დღეს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო – ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები