ბაიდენი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში არეულობა დონალდ ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში 6 იანვარს არეულობა პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული. შესაბამისი განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი.

ბაიდენის თქმით, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობა წინასწარი იყო დაგეგმილი.

„გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაზე. 244-წლიან ისტორიაში ასეთი რამ არასდროს გვინახავს. ეს დანაშაულებრივი თავდასხმა კოორდინირებულ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა. ის განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომელიც ძალადობისკენ ტრამპმა წააქეზა“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, შეიარაღებული ამბოხის მონაწილეები უნდა დაისაჯონ.

ამასთან, ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაცია და ძალაუფლების გადაცემა ინციდენტების გარეშე ჩაივლის, ხოლო აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტია იმპიჩმენტს არ შეუშლის ხელს მისი ადმინისტრაციის წევრთა დამტკიცებას.

„იმედი მაქვს, სენატში გამოიძებნება საშუალება, რათა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც იმპიჩმენტს უკავშირდება ისე შესრულდეს, რომ ამან ხელი არ შეუშალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“, – ნათქვამია ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. პროცედურის მიხედვით, ამის შემდეგ სენატში უნდა გაიმართოს პრეზიდენტის სასამართლო პროცესი. როგორც სენატში უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, კონგრესის ზედა პალატში ამ სხდომის გამართვა 19 იანვრამდე, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაცია 20 იანვრარსაა დაგეგმილი.

მსგავსი თემები