“პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება,“ წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს” – ბიძინა ივანიშვილი

„პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით, მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინ ივანიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტია და მას გაჯანსაღება სჭირდება. „თეორიულად, არ მიყვარს არანაირი რევოლუცია. ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება. ეს პროცესი ხდება ახლა. ჩვენი ოპონენტებისგან უეცრად რაღაც საუკეთესოს ვერ მივიღებთ. ოპონენტების ძირითადი ნაწილი მყავს მხედველობაში, თუმცა ახალი ძალებიც გამოჩნდნენ და რატომღაც, ისინიც მათ ხელწერას ირჩევენ. ამათგან უეცრად რაღაც განსხვავებულ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს კარგია,საქმისთვის, თუ ეს ძალიან გახანგრძლივდა, რა თქმა უნდა კარგი არ არის. სჯობს, მალე გაჯანსაღდეს ოპოზიცია. გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვალში დაიწყება კომისიის ჩამოყალიბება და მოხდება უბნების გადათვლა, რაზეც ჰქონდა ოპოზიციას პრეტენზია. ამბობდნენ, გაყალბდა, თუმცა არ გადავთვლით, თუ შევამოწმეთ, არ გვაწყობსო. ახლა ოპოზიცია ძალიან კრიტიკულ სიტუაციაშია. თუ ეყოფა ძალა ჯანსაღ ნაწილს და უარს იტყვიან დიქტატორზე, რომელიც დღესაც ჰყავთ, კარგი იქნება. არაფორმალურად იმართებიან, სულ სამი-ოთხი კაცია იქ, ვინც ძალადობს და ამუნათებს ვიღაცებს, თითქოს ჩნდება რესურსი, რომ ახლაც მოახერხონ, მაგრამ დრო დასჭირდებათ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები