„ადგილი ჰქონდა არა დაგორება დაცემას, არამედ ფიზიკური ხელყოფის, ცემის ფაქტს“ – შაქარაშვილის საქმის ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

„ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ეს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ან წყალში ჩავარდნით იყოს გამოწვეული. ცალსახად ვამბობ, რომ  დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია. ვადასტურებთ, რომ  წყალში ჩავარდნით ამ დაზიანებას ვერ მიიღებდა. ე.ი. ეს დაზიანებები მიიღო მანამ, სანამ წყალში მოხვდებოდა“, – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმის სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ექსპერტმა განმარტა, ყველა დაზიანება, რომელიც გარდაცვლილ ფეხბურთელს აღენიშნებოდა, მიყენებულია სიცოცხლეში.   

„დაზიანება არის მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული. სავსებით დასაშვებია, რომ არსებული დაზიანებები განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად, მისი ფართობიდან და ხასიათიდან გამომდინარე. გამოძიებას ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ისეთი დაზიანებები, რომელიც გარეგან სისხლდენას გამოიწვევდა. დაიდო დასკვნა, რომ შაქარაშვილს ძირითადად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულზე, გარეგნულად, მას არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, რომელიც გარეგან სისხლდენას განაპირობებდა.

გამოძიებას ამავდროულად აინტერესებდა, რა შესაძლო პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ მუცლის ქვემო მესამედში სისხლჩაქცევის სახით ეს დაზიანება მიეღო. ხომ არ იყო შაქარაშვილი ამ დროს მწოლიარე მდგომარეობაში. ბუნებრივია, ძნელია იმის თქმა, რა პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ დაზიანება მიეღო, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ და სავსებით დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ეს დაზიანება შესაძლოა მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნის პერიოდშიც მიეღო“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები