გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს გამომძიებელი დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპამდეა გადასული.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება გამომძიებელი და გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებას.

100 მოწმიდან დარჩენილია 18 მოწმის დაკითხვა, რის შემდეგაც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. სავარაუდოდ, თებერვალში ამ საქმეზე განაჩენი დადგება.

საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, რასაც მისი თქმით, ამყარებს დაკითხული მოწმეების ჩვენებები და სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე წყალში მოხვედრამდე ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები მიყენებული.

„დღეს დაიკითხება გამომძიებელი, ასევე ვიდეომასალას გამოვიკვლევთ. 100-დან 18 მოწმეა დაკითხული და საქმე დასკვნით ეტაპზეა. არიან ბრალდებულები, რომლებიც ჩვენებაზე უარს აცხადებენ. ჩვენ თვის ბოლომდე დავასრულებთ გამოკვლევას. იმედია, დაცვის მხარეც დროულად დაასრულებს. თუ პროცესს ხელი შეეწყობა ამოიწურება დასკვნითები და სავარაუდოდ თებერვალში განაჩენი დადგება. რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება“, – აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

თავის მხრივ, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ თვეების განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებების გამოკვლევა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე სულ ექვსი პირია დაკავებული.

მსგავსი თემები