„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი “ამნისტიის შესახებ“ დღეს დაამტკიცა. კანონპროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. ამნისტია კი 4 000-ზე მეტ მსჯავრდებულს სხვადასხვა ფორმით შეეხება.   

სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

მაგალითად, ს.ს. კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე შეეცვლებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით);

გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრისა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე.

ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე მეტი იქნება მათი რაოდენობა, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.

ხოლო, რაც შეეხება  2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის განცხადებით, დაახლოებით 4000-ზე მეტი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა,  ვისაც ეს ამნისტია შეეხება.

მსგავსი თემები