“დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია” – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია, ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება კი დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.

“ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.

უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: “მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება – ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი – უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.

ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, – სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია. ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას – “ქართული ოცნების” სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი. ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს,”-ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.

მსგავსი თემები