“ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია, პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი” – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს – წერილი “ქართული ოცნების” ფეისბუქის” გვერდზე განთავსდა:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში. ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა.

ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი.

ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია.

სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.

ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი.

ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით – ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, – ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, – ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, – ცხოვრება გამოაჩენს…✔ პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:

1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა – მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს” – წერს ივანიშვილი.

მსგავსი თემები