სმიტების მკვლელობის დღეს ხეობაში 100-მდე მობილური ნომერი დაფიქსირდა  

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობის დღეს, 4 ივლისს, ტერიტორიაზე 100- მდე მობილური ნომერი დაფიქსირდა, რომელთა მფლობელების იდენტრიფიკაცია მიმდინარეობს და ექსპერტიზის შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ​ასევე, უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც საქმეში მკვლელობის მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბრალდებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარისთვის ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება მალხაზ კობაურის ჩვენების დასადასტურებლად, რომ მკვლელობა რამდენიმე პირმა ჩაიდინა. დაცვის მხარე, 43 წლის რაიან სმიტის განზრახ მკვლელობის ვერსიისკენ იხრება.

“თუ ეს განზრახ მკვლელობა იყო, ის დაიგეგმა გარკვეული პირებისა და სამსახურების მიერ. მკვლელობა ჩადენილია თოფით, თუმცა ვისია იარაღი, დადგენილი არ არის. ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიხედვით,  იარაღზე, რომელიც ამოიღეს თითქოსდა კობაურის კარვიდან, არ აღმოჩნდა არანაირი ანაბეჭდები. ეს იარაღი არ არის კობაურის“, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ხადის ხეობაში, კერძოდ კი მკვლელობის ადგილის მიდამოებში არსებული ყველა მობილური ოპერატორების ანძის ექსპერტიზა.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის რაიან სმიტი და მისი 4 წლის ვაჟიშვილი 4 ივლისს, ხადის ხეობაში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სმიტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა უცხო პირებმა ჩაიდინეს.

რაიან სმიტი საქართველოში აშშ -დან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური ფარდაგებით აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

რაიან და ლორა სმიტებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი აიშენეს და შვილის საქართველოში გაზრდა სურდათ.

მსგავსი თემები