საპატრიარქოში გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა პატრიარქს ტესტირება კორონავირუსზე

დღეს დილიდან საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან, ინფორმაციას ამირან გამყრელიძეც ადასტურებს. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება სჭირდება თუ არა ტესტი პატრიარქს. 

“საპატრიარქოში დღეს მივიდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ, ვგულისხმობ ეპიდკვლევასა და ბიოლოგიური ნიმუშების აღებას. კვლევის შემდეგ გამოიკვეთება, რამდენ ადამიანს დასჭირდება ტესტირება. რამდენად ახლო ან შორი კონტაქტები ჰქონდათ მათ ინფიცირებულთან. არსებობს პროტოკოლი და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა შეთანხმებული უწმინდესთან,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ადგილზე ეპიდემიოლოგებმა მასობრივი ტესტირება უკვე დაიწყეს. პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პატრიარქის გარემოცვასა და შორენა თეთრუაშვილის კონტაქტებზე.

ათობით სასულიერო პირს, მდივან-რეფერენტთან შეხება ჰქონდა. ეს იმ დღეს, როდესაც ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

პატრიარქისთვის საპატრიარქოში მისალოცად მისულ სტუმრებს, ინფექციაზე ტესტი ჩაუტარდათ, თუმცა სიახლოვეს აღმოჩნდა ინფექციის მატარებელი თეთრუაშვილი, რომელსაც ვირუსი გუშინ განმეორებითი შემოწმებითაც დაუდასტურდა.

მსგავსი თემები