“როდესაც მყარია დემოკრატიული ინსტიტუტები, პრეზიდენტიც კი შეზღუდულია უკანონო და არასწორ ქმედებებში” – ელენე ხოშტარია აშშ-ს მოვლენებზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ მომხდარი აშშ-ს დემოკრატიას ვერ შეარყევს.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ყველაზე უფრო ხანგრძლივი, მძლავრი, დიდებული და თავისუფალი დემოკრატია, რომელიც არსებობს ან არსებობდა მსოფლიოში. ამიტომ, მე არ მგონია, რომ რაიმემ ხელი შეუშალოს მის განვითარებას, პროგრესს, რომელსაც ის ყოველდღიურად აკეთებს. არ და ვერ შეარყევს დემოკრატიას და აშშ-ს სწრაფვას, ხელი შეუწყოს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას, კანონის უზენაესობას,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

იმავე აზრზეა ელენე ხოშტარიაც. მისი შეფასებით, ეს არის მაგალითი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე განაპირობებს თუნდაც ძალაუფლების მქონე პირის არასწორი ქმედებების შეზღუდვას. 

“როდესაც მყარია დემოკრატიული ინსტიტუტები, მოქმედი პრეზიდენტიც კი არის შეზღუდული, მათ შორის, უკანონო და არასწორ ქმედებებში და სისტემა აჩერებს, მათ შორის, იმ არეულობას, იმ მცდელობას ძალაუფლების საკუთარ ხელში დატოვების. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც კი, იმ გუნდის წარმომადგენლები, რომელშიც არის ტრამპი, აბსოლუტურად პრინციპულად დგანან დემოკრატიის და მტკიცე ინსტიტუტების სადარაჯოზე,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ერთობლივ სხდომაზე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. დაიღუპა ოთხი ადამიანი. 

მსგავსი თემები