C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის საჭირო გენოტიპის ანალიზს ამიერიდან სახელმწიფო დააფინანსებს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა და მკურნალობის დაწყებას ​ბენეფიციარები ამიერიდან, დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი. ხოლო გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის შედეგად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, მინიმუმ ერთი დაწესებულება იქნება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში  ჩაერთვებიან ზიანის შემცირების ცენტრები, პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩასართავად.

მათივე ინფორმაციით, სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ამ დროსთვის​  50 000-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაასრულა მკურნალობა. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

მსგავსი თემები