არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლოს გაიმართოს. ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრისთვის გარკვეული ნიადაგი და საფუძველი ჯერჯერობთ არ ჩანს და არც რაიმე სახის კონსულტაციებს ქონია ადგილი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ოპონენტები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. უცვლელია მათი მოთხოვნებიც.
“როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იანვრის ბოლოს უნდა შედგეს მე-5 რაუნდი და ეს შემდეგ დაგვანახებს ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე,
მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აცხადებენ “ლელოშიც”. საბა ბუაძის თქმით მოთხოვნები კვლავ უცვლელია და გულისხმობს ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის ცვლილებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციისთვის უკეთესია პარლამენტში ყოფნა და იმედოვნებენ, რომ ოპონენტებს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოში იხილავენ.
“ყინული გატყდა დაიძრა, ოპოზიციის რაღაც ნაწილი უკვე არის პარლამენტში, ალბათ სხვებიც შემოვლენ, ეს არის პროცესი, პოლიტიკური ურთიერთობის საკითხია და შეიძლება დროში გაიწელოს. ვფიქრობ თვითონ ოპოზიციის ინტერესშია რომ იყოს პარლამენტში. როგორც ვხედავთ გაყალბების მოდელირებული რეალობა, რომელსაც ისინი ამდენი ხანია ქმნიან უკვე ნელნელა გახუნდა,” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხელაშვილი.