ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატებია. დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობასთან იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც სენატს არჩეული 46-ე პრეზიდენტისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინა. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ამერიკელებმა შენობაში შეღწევა შეძლეს, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან რეაგირება და დაპირისპირებაც.

აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა. გარდაცვლილები კაპიტოლიუმზე ძალისმიერ იერიშს ემსხვერპლნენ. დაკავებულია 52 პირი. მათი უმრავლესობა კომენდანტის წესების დარღვევისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას განიხილავენ. შესწორება პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობს.

ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა მიიღო. მურიელ ბაუზერმა კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრესიის წახალისებაში დაადანაშაულა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 20 იანვრამდე იმოქმედებს. სწორედ ამ დღეს უნდა გაიმართოს არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია.

არეულობის შემდეგ კონგრესის სხდომა უკვე განახლდა ვაშინგტონში. სხდომა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დამტკიცელიყო, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო იყო შეწყვეტილი. აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა. პენსმა სიტყვით გამოსვლისას ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა დაგმო.

“დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ. მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეს, თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს. იმარჯვებს თავისუფლება. ეს ისევ ერის სახლია. ჩვენ ხელახლა შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია. მოდით, მუშაობა გავაგრძელოთ,”- განაცხადა მაიკ პენსმა.

მსგავსი თემები