საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური სისტემაში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უწოდა.
“ყველა ის მექანიზმი და ფილტრი რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, კონტროლს და ვითარების მართვას კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა,” – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, მიმდინარეობს პატიმრების ინტენსიური ტესტირება. გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა ტესტის პასუხი ურყოფითი იყო, რაც შეეხება ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აქ გამოვლენილ 23 დადებითი შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა.
“ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის, მათი ოჯახების წინაშე, არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს,” – განაცხდა მინისტრმა.
იუსტიციის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი პატიმარი, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობდა და იმ დროისთვის, მას უკვე გათავისუფლებულის სტატუსი ჰქონდა.