“მალხაზ კობაური არის მსხვერპლი” – სმიტების ოჯახის მკვლელობის ახალი დეტალები

საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის მსხვერპლი და არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ ესწრებოდა რაიან სმიტისა და მისი ბავშვის მკვლელობას.

​როგორც “მედიავენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვასილ მამულაშვილმა დღეს განაცხადა,  მოწმის ჩვენება და დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც საზოგადოებას პროკურატურა სთავაზობს. მათი ვერსიით, არსებობდა სიტყვიერი შელაპარაკება და ამის შემდეგ განახორციელა გასროლები კობაურმა, რაც, ადვოკატის შეფასებით, არასწორია.

” გამოძიების ვერსიით, ხელჩართული ჩხუბი მოხდა შელაპარაკების შედეგად. რამდენად რეალურია ამ სიტუაციაში მალხაზ კობაურის მხრიდან მსხვერპლისთვის 3-4 დაზიანების მიყენება წვივის არეში და ამის შემდგომ სიკვდილის დადგომა, ამის ლოგიკური ბმა უნდა არსებობდეს.  კობაურმა სცემა, შემდეგ სმიტი მას ზურგის მხრიდან დაუდგა, კობაურმა მოახდინა პირველი გასროლა და შემდეგ საკონტროლო გასროლა. ამ ყველაფერს უყურებდა ლორა სმიტი, როგორც სცემა, როგორ ესროლა 2 ტყვია, მოიმარჯვა თოფი, ჩადო ახალი ტყვიები და ა.შ.  ამ ვერსიას უახლოეს ხანებში გავაქარწყლებთ“, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

​მისივე ინფორმაციით, გარკვეულმა პირმა თუ პირებმა, როგორც კობაური ყვება, რაიან სმიტს ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, ხოლო შემდგომში მოახდინეს განზრახ მკვლელობა, რაზედაც მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ სმიტს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აქვს. ​მალხაზ კობაურის ჩვენების თანახმად კი ეს დაზიანებები ამერიკელ მამაკაცს მიაყენეს მაშინ, როდესაც ის იყო მუხლებზე დაჩოქილი.

​ადვოკატი ვარაუდობს, რომ რაიან სმიტს პირველი დარტყმა მიაყენეს წვივის არეში, ტკივილის შედეგად ის დაიჩოქა, ამის შემდგომ მიაყენეს რამდენიმე დაზიანება 1,2 მეტრის დაშორებით.

​მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სასიკვდილო გასროლის ტრაექტორია, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტიზა ჩაინიშნება გამოძიების მხარის, ან დაცვის მხარის მიერ. ​პირველადი მონახაზით  ეს არის შუბლის მიდამოში, უკვე დაწოლილ მდგომარეობაში საკონტროლო გასროლა, როცა ის მიწაზე იწვა.

“პროკურატურას, როგორც წესი პასუხები არ აქვს არაფერზე და ეს დადგინდა იმ დახურულ სასამართლო სხდომაზე, სადაც 15-მდე შეკითხვა გვქონდა და ყველა კითხვაზე მივიღეთ დუმილი “, – აცხადებს კობაურის ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, კობაურს წარდგენილი არ აქვს ბრალდება ლორა სმიტის მკვლელობაში ან მის გაუპატიურებაში.

მსგავსი თემები