ჯანმო-ს მიერ კორონავირუსის შესახებ პირველი მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით მაღალი რისკის მოსახლეობის ვაქცინაცია 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დანერგა და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაქცინების სამართლიანი განაწილებაა.
„სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დაადგინა. ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტი,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მან ქვეყნების მთავრობებს ვაქცინების განაწილების საკითხზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ჯანდაცვის მუშაკებისა და დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი გზაა ჯანდაცვის სისტემების სტაბილიზაციის, ყველა აუცილებელი ჯანდაცვის სერვისის ამოქმედებისა და გლობალური ეკონომიკური აღდგენისთვის.
მოვუწოდებ ყველა მთავრობას, ითანამშრომლონ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.