„დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში“ – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შევიდა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, გაყალბებულ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ არ შევა და ვინც შევიდა ისინი მხოლოდ პარტიის დამფინანსებლები იყვნენ.
„მინდა ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს სახეზეა „კომუნისტური ოცნება“.
„რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი? ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვითონ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს „კომუნისტურ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის „ქართული ოცნება“,- განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის სიით გასული 4 დეპუტატი დღეს პარლამენტში შევიდა და სადეპუტატო სავარძლები დაიკავა.