პარლამენტის წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ აზროვნებს და ვისაც მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს.
“დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია, თითქოს, ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას. აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის კოჰაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში.
“ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე, გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად, ქვეყნის არევას და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებენ, ხოლო “ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს. არც ერთი და არც მეორე მიდგომა არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდობის ემიგრაციას სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა, ის ვისაც ამისი მანდატი აქვს უნდა იყოს პარლამენტში.
ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას რაც არ უნდა ის მცირე იყოს, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.