“შობა-ახალი წლის პერიოდში ადამიანების ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ხელმძღვანელის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაწყებულია, 2021 წელი ვირუსის გავრცელების კუთხით რთული იქნება.

„ვფიქრობ, წინ რთული წელი გველის და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული წლის პირველი ნახევარი იქნება, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა არ გაითვალისწინეს რჩევა შობა-ახალი წლის პერიოდში შინ დარჩენასთან დაკავშირებით.

„შობა-ახალი წლის პერიოდში ხალხის მოძრაობა და ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს ვირუსის გავრცელების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის კუთხით საკმაოდ გაართულებს,”- აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის დაწყება პრობლემას სწრაფად ვერ გადაჭრის და 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეებს პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავლობისგან თავიდან აცილება კვლავ მოუწევთ.

მსგავსი თემები