გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 3 ბრალდებულს, რომელთაც ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებიან, პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. სამიდან 2-მა სასამართლოს უკვე ოფიციალურად მიმართა. საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა დაზარალებული მხარეც. თუმცა, პროკურატურაში აღნიშნულ ინფორმაცის არ ადასტურებენ და კომენტარისგანაც თავს იკავებენ.
ადვოკატებს კი იმედი აქვთ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის.
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე, წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა ბრალდებული.
აღნიშნულ 3 პირთან პრეტენზია არ აქვს არც შაქარაშვილის ოჯახს:
“არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა,” – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე