ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც კლინიკა „მედინაში“ განაცხადეს, 27 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას კლინიკაში შეყვანისთანავე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ცნობისთვის, გვიან ღამით ე.წ „ოცნების ქალაქში“ 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს, ხოლო 27 წლის მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს. ინციდენტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.