სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციური დაწესებულების 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი.
„მიმდინარე წლის 4 იანვარს დაგეგმილია N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის PCR ტესტირების ჩატარება და ეტაპობრივად ტესტირება ყველა პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს გაუკეთდებათ. შეგახსენებთ, covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური კომპლექსურ ზომებს მიმართავს. ამ პერიოდიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ შეიცვალა სისტემის მართვის მოდელი და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ პრევენციის მიზნით, უნდა მოხდეს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის PCR ტესტების გაკეთება. აქამდე ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება სპეციალურ საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება ასეთი პატიმრების ე.წ. მიმღებ ციხეებში მოთავსება. ამ პრევენციულმა ზომამ კარგად იმუშავა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსი არ დაფიქსირებულა (მხოლოდ საკარანტინო სივრცეში იყო რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა და ყველა ასეთმა პატიმარმა მკურნალობა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გაიარა).
რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, რამდენიმე დაწესებულების საეჭვო სიმპტომის მქონე პატიმრების გადაყვანა ხდებოდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც PCR ტესტით ხდებოდა მათი ვირუსზე შემოწმება, თუმცა არც ერთი შემთხვევა აქამდე არ დადასტურებულა.
მიუხედავად ამისა, ამ კატეგორიის პატიმრები საკარანტინო პერიოდს და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას გადიოდნენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და მხოლოდ PCR ტესტირების და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდებოდა მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 23 ასეთი პატიმარი იმყოფება მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ.
„ერთ-ერთ მათგანს, N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ ა.გ.-ს ჰქონდა რესპირატორული ინფექციის სიმპტომები, რის საფუძველზეც იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა. მისი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე.
აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.