„საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა“ – კახა კალაძე

„მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი. მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას ჩვენს მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს“ – აცხადებს კახა კალაძე საახალწლო მილოცვაში და ამბობს, რომ საქარტველო არასდროს დაცემულა და არც დაეცემა.   

„მოგესალმებით ყველას. მივესალმები ჩემს ძვირფას თბილისელებს, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მივესალმები საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულეებს. მიილია 2020 წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპი.

სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24 საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით. დღეს ყველა იმედით შევყურებთ ახალ 2021 წელს. მთელი გულით მინდა მოგილოცოთ ჩემო საყვარელო, ხალხო შობა-ახალი წელი. გისურვოთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ, ყველა ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა, ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია.

მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი. მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას ჩვენს მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით, დიდი ოპტიმიზმით სავსე გულით. ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ და ახალ წელს იმედით შევეგებოთ, რაც მთავარია ერთმანეთის სიყვარულით”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები