“ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა” – სალომე ზურაბიშვილი

„ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა პოლიტიკაა. მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა, შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში აღნიშნა.

პრეზიდენტის თქმით, 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და დაპირისპირებას.

„ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა პოლიტიკაა. მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა, აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი „საარჩევნო კოდექსი“. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. შედგა პარლამენტი. პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა. ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა, თუმცა, დაგვანახა თუ რამდენად აუცილებელია სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობის და ურთიერთდახმარების გზები, ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად. მთავარი მიღწევა არის ის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა და სხვებსაც არაერთ გზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება. ალბათ, რთული ზამთარი გველის. გამოწვევები არ გამოილევა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ გზას გავივლით, ისიც ვიცით რა გვჭირდება ამ გზაზე. ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა. უნდა დავძლიოთ გაუცხოვება. უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და დაპირისპირებას. 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს. ყველას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, მხნეობას, წარმატებას და ერთსულოვნებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები