დეპუტატი ნაკაიძე ხელფასს მათ ჩაურიცხავს, ვინც არსებულ რეჟიმს ებრძვის

საქართველოს პარლამენტში “ევროპული საქართველოს” დეპუტატი  ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ხელფასის მიღებაზე თანხმობას აცხადებს, თუმცა, იმასაც განმარტავს, თუ რა მიმართულება ექნება მის სადეპუტატო ხელფასს.

“რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან. მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ჩემი საბანკო ანგარიშები იმისთვის, რომ ჩამრიცხოდა ჩემი კუთვნილი ხელფასი, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს იმიტომ, რომ ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ წერილობით პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტოს უფლებამოსილებები. ვინაიდან და რადგანაც არ მოხდა პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღება გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ იმიტომ, რომ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა.

ჩემი გადმოსახედიდან,  ვფიქრობ, უფრო უკეთესი იქნება, რომ მათ ვინც “ქართული ოცნების”, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუღლელად შრომობს და არ აქვს საშუალება, რომ უფრო მეტად გააფართოვოს ბრძოლა, მე დავეხმარო მათ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო, არა როგორც ჩემი ხელფასი, არამედ მიმეღო, როგორც დახმარება ადამიანებისთვის და გადავურიცხო ორგანიზაციას “მოძრაობა საქართველოსთვის”, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და სანამ უფლებამოსილებას არ შემიწყვეტს პარლამენტი, მანამ მივიღებ მე ამ ხელფასს და გადავურიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლილებებისთვის იბრძვიან. ეს არ არის ბოიკოტის დარღვევას, ბოიკოტის დარღვევა იქნებოდა თუ მე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტში შეტანილ განცხადებას გამოვიტანდი”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მსგავსი თემები