2000 ძვირადღირებული მედიკამენტის გაყიდვას სუს-ი იძიებს

ჯანდაცვის სამინისტრო და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.  პროგრამის ფარგლებში ჩამოტანილი 2 000 ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელსაც ვადა გასდიოდა, დოტაციით გადასცეს სხვა ქვეყნებს. საქმეს სუს-ის ანტოკორუფციული სააგენტო იძიებს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც მიმდინარე წლის აპრილში თვეში ვადა პაციენტების სიმცირის გამო გაუვიდა.

“ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და დაგვრჩა წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელიც დონაციით გადავეცით სხვა ქვეყნებს და მათ გამოიყენეს და ახლა აპრილში, როდესაც გარკვეული რაოდენობა მედიკამენტების შეკვეთილი იყო 3 500-ზე თვეში და ნაკადი იყო 1 000 პაციენტი და მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ამით სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია, რადგანაც ეს დონაციაა და გვჩუქნიან“, – აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მასშტაბურია და მის სამკურნალო მედიკამენტებს საქართველო უფასოდ იღებს, ასეთი პროექტები საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ყოველთვის კონტროლდება. ამ შემთხვევაში კონკრეტული დანაშაული არ იკვეთება, გამოძიება მიმდინარეობს, რომ განხორციელდეს ტრიადა – პრევენცია, დეტექცია, რეაგირება. ეს არის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქცია, რომელშიც სამინისტრო არ ერევა.

„თვეში 3 500 პაციენტისთვის უნდა გვემკურნალა მინიმუმ, იმისათვის, რომ დაგეგმილი ელიმინაცია ვადებში დამდგარიყო. ჩვენი თამასა იყო თვეში 3 500 პაციენტი. საქმე ისაა, რომ პირველი 50 000 პაციენტი, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა, ისინი თვითონ ითხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, რადგან მათ უკვე აწუხებდათ ეს დაავადება, მეორე ეტაპზე ჩვენ მოგვიწია ეტაპობრივად გაზრდა პროაქტიულობის, რადგანაც უკვე 100 000 ადამიანს, რომელსაც ჩვენ ველით, რომ მკურნალობა სჭირდება, არაფერი აწუხებთ და ამიტომ თავს იკავებენ პროგრამაში ჩართვისგან, ამიტომ ჩვენ გათვლები აღებული გვაქვს იმ რაოდენობაზე, რაც მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ მოგვცა და ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ შეივსოს. თუმცა საშუალოდ თვეში სამიზნე იყო 3 500 – გვაქვს 1 000. ცხადია, რომ ამან რიგი მიმართულებებით საფრთხეები გამოიწვია”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობენ საერთაშორისო პარტნიორები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თვითონ ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელიც ამ მედიკამენტის დონაციას აკეთებს, ასევე არსებობს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რაც წელიწადში ორჯერ იკრიბება და ქართულ მხარეს რეკომენდაციებს  აძლევს. პროგრამაში ჩასართავი პაციენტების რაოდენობა შეთანხმებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების ვადის გასვლით სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი არ მიადგებოდა. დაახლოებით 2 ათას ადამიანზე გათვლილ მედიკამენტს გასდიოდა ვადა, რომლებიც ბიუჯეტის ფულით არ არის შეძენილი.

მსგავსი თემები