ენგურჰესისთვის რუსებს დიდი ბრძოლა ექნებათ – აფხაზეთის მორიგი ოკუპაცია

„ენგურჰესის ხელში ჩაგდება დიდი ხანია რუსებს უნდათ. ამიტომ, ცხადია, რომ მისთვის დიდ ბრძოლა ექნებათ. მისი ხელში ჩაგდება უნდათ“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუფორმა, სწორედ მორიგი ოკუპაციისა და მარწუხებში მოქცევას ემსახურება.

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“ – ასე ჰქვია ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვმა მარწუხებში აფხაზეთს გაუფორმა.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ ე.წ. ხელშეკრულებაშია ჩადებული, ეხება რუსეთის ელექტროქსელების კომპანიის მიერ აფხაზეთის ელექტრო ქსელების მოდერნიზაციას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შექმნას. ანუ, ახალი ენერგო სიმძლავრეების შექმნას, რაც გადადის რუსეთის ხელში. თვითონ შექმნია და მათ ხელშიც გადავა მთელი ენერგეტიკული სფერო. ენგურჰესის ხელში ჩაგდება დიდი ხანია რუსებს უნდათ, ამიტომ, ცხადია, რომ მისთვის დიდ ბრძოლა იქნება. მისი ხელში ჩაგდება უნდათ. არ ვიცით, რა მოელის ენგურჰესის იმ ნაწილს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა და ელექტროენერგიის გენერაცია სწორედ იქ ხდება. აფხაზურ მხარესთან ამასთან დაკავშირებით არანაირი ხელშეკრულება არ გაგვაჩნია, უბრალოდ, გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება, რომ ელექტროენერგიის 40 %-ს ვაძლევთ მათ. ამას რა ბედი მოელის არ ვიცით, მაგრამ რომ იქნება დავა და დიდი ბრძოლა, ფაქტია“ – განუცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს“.  

ე.წ. ხელშეკრულება რუსეთ-აფხაზეთს შორის მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაფორმდა და ის 50-მდე პუნქტს მოიცავს.  

მსგავსი თემები