იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს გაამარტივებს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონო, რომელის საქართველოში ვიზიტით იმყოფება აცხადებს, რომ იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები გაამარტივოს, რათა ხალხებს შორის გაცვლა და კონტაქტები განვითარდეს.

როგორც ტარო კონომ ჟურნალისტებს განუცხადა, იაპონია გეგმავს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებსა და სხვა ექსპერტებს შორის ურთიერთობების განვითარებას, რადგან ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში.

„ მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე. მოხარული ვარ, რომ მოვაწერო ხელი ნოტების გაცვლის ხელშეკრულებას აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტის მეორე ფაზასთან დაკავშირებით.  ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს  საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ განვითარებას“, – განაცხადა იაპონიელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, იაპონიასა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც საფუძვლად უდევს საერთო ფუნდამენტური ფასეულობებისადმი ერთგულება. საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი შარშან იზეიმეს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკა და განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგა, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ისაუბრეს არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე, რასაც ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს იაპონიის მთავრობის „კავკასიის ინიციატივა“. მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, როგორიცაა სავიზო პროცედურების გამარტივება, გაცვლითი პროგრამების შესახებ გადაწყვეტილება, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განვითარება და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფინანსური და პრაქტიკული დახმარება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ მისთვის  დიდი პატივია პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართვლოში სტუმრობა.

ტარო კონო აცხადებს, რომ გააორმაგებს ძალისხმევას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის გასაღრმავებლად და თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებაში გადასაყვანად.

მსგავსი თემები