“ოკუპაცია იყო და რჩება მთავარ გამოწვევად” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაცია იყო და რჩება მთავარ გამოწვევად, ვინაიდან, რუსეთი პანდემიის პირობებშიც უკანონო ქმედებებს აგრძელებს.

„ოკუპაცია იყო ჩვენი მთავარი გამოწვევა და ის კვლავ დარჩება მთავარ გამოწვევად გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, პანდემიის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებდა უკანონო ქმედებას, მავთულხლართებს, ე.წ. ბორდერიზაციას, უკანონო დაკავებას, დღემდე ჩვენი თანამემამულე, თანამოქალაქე გახელაძე უკანონო ტყვეობაშია, იყო ასევე დაკავებული რამდენიმე ჩვენი მოქალაქე, რომლებიც შევძელით და დავუბრუნეთ საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მომავალში გაგრძელდება მათ ხელთ არსებული მაქსიმალური რესურსის გამოყენება, რაც გულისხმობს საერთაშორისო თანამეგობრობრობის ზეწოლის გაზრდას რუსეთის ფედერაციაზე.

„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის მიუხედავად, აქტიურად მიმართავდა რუსეთის ფედერაცია ასევე დეზინფორმაციულ კამპანიას, იყო წერტილოვანი თავდასხმები ისეთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, როგორიც არის ლუგარის ლაბირატორია და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც განიხილებოდა და მომავალში განიხილება ეს საკითხი, მაქსიმალურად ყურადღების ცენტრში იყოს საქართველოს ოკუპაციის საკითხი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა სამინისტროს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პანდემია ყველასთვის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც, მისივე განმარტებით, მაქსიმუმი გააკეთა, რათა საქართველოს მოქაალაქეებისთვის დახმარება გაეწიათ.

„მე, თქვენ, მედიას, საზოგადოებას მუდმივად საქმის კურსში გამყოფებდით და იყავით ინფორმირებული იმ დახმარების შესახებ, რომელსაც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა უწევდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

შედეგები, რომელიც გვაქვს, მართლაც საამაყოა, რადგან ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გააკეთეს ის, რაც შეძლო საქართველომ და ყველა საუბრობს საქართველოს ამ გამოცდილების გაზიარებაზე, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან რთულია, იპოვო ბალანსი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებებს შორის.

მართლაც ამ მგრძნობიარე თემის გარშემო ძალიან სერიოზული საქმიანობა იყო განხორციელებული და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა, ისე როგორც დეოკუპაციის მიმართულებით. მე დავასახელე ის მიღწევები და ის ფორუმები, ის მაღალი დონის ტრიბუნები, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, რეზოლუციები, რომელიც მიღებულ იქნა უშიშროების საბჭოს ფორმატებში, რომელიც გამოყენებული იქნა მაქსიმალურად.

ხშირად ვიმეორებ არა ნიშნის მოგების თვალსაზრისით, მაგრამ თუ გადავხედავთ, ჩვენს ანგარიშში უნდა იყოს 2008-დან 2012 წლამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ის ფორმატები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებდა იმ პერიოდში, ის განცხადებები, დეკლარაციები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ იქნა გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საგრძნობი შედეგია, თვალნათელია, თქვენ შეიძლება რიცხობრივი რაოდენობითაც დაინახოთ გაკეთებული განცხადებები, ფორმატების უნიკალურობა, რომელიც ადრე არ იყო გამოყენებული. მე ვისაუბრე ამ კონკრეტულ ფორმატებზე და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგია ისევე როგორც აღარ ჩამოვთვლი იმ გარღვევებს, რომელიც ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი წარმომადგენლების არჩევის თვალსაზრისით.

ეს ჩვეულებრივი არჩევნები არ არის, ეს არის აღიარება ქვეყნის, ჩვენი რეფორმების და არის ნდობის გამოცხადება პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით, თუნდაც ნატო-ს ბოლო მინისტერიალი რად ღირს, საიდანაც ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დავბრუნდით, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ დამშვიდების საშუალებას, რადგან რეგიონში არის შექმნილი ძალიან ახალი და განსხვავებული გეოპოლოტიკური სიტუაცია, რომელიც მოითხოვს ჩვენს მყისიერ რეაგირებას.

ჩვენი ბოლო ამბასადორიალი დასრულდა რამდენიმე დღის წინ და ჩემს კოლეგებს აქვთ დავალება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია იყოს მოყვანილი თავსებადობაში იმ ახალ გამოწვევებთან, რა ახალი გამოწვევებიც არის შექმნილი რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ საგარეო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში მოყვანილი იმ ახალ გამოწვევებთან, რაც რეგიონშია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები