“მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი” – პაატა იმნაძე

სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და დღეს ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლირებადია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყანაში 10 იანვრიდან კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.

“ჰოსპიტალის სექტორშიც იგრძნობა სტაბილიზაციის ნიშნები, შემთხვევების კლება, დატვირთვა იკლებს. ზოგადად 5000-ზე ოდნავ მეტია დღევანდელი რაოდენობით ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობით, შესაბამისად თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. საყურადღებოა, მძიმე და იმ პაციენტების რაოდენობა, რომელიც ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმში იმყოფება. ასეთი პაციენტების რაოდენობა 300-ს აღემატება და თერაპიას 1000-ზე მეტი პაციენტი იტარებს,”- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე მოლებში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა თუ საზოგადოება ახალი წლის ტრადიციებს დროებით არ შეზღუდავს, ქვეყანაში შემთხვევები ისევ მოიმატებს.

“ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში წესები დაცულია, დისტანცია, ნიღაბი, შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მატებას არ ველოდებით. მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს, მოინახულოს თავისი ახლობლები და სადაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები