„რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი“ – მეუფის ქადაგება  

„სახარება არის იმაზე, რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდეგ. როდესაც ჩვენ უფალი გვიწევს, ჩვენ ვცდილობთ, მიწიერს მივეჯაჭვოთ, მიწიერ ღირებულებებს და ვეუბნებით უფალს – მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალოთ“ – ამონარიდი მეუფე შიოს ქადაგებიდან.

მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა და  წმინდანთა მამამთავართა დღე მიულოცა. მეუფე სახარების შესახებ ისაუბრა და ქორწინებასა და სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება.

“უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს და გადმოგვცემს რაოდენ დიდია და უსაზღვროა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი. იმდენად დიდია, რომ იგი ამ სიყვარულს გადმოსცემს საქორწინო სუფრის მაგალითით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრებაში შვილის ქორწილია, ამით გვაჩვენებს უფალი რაოდენ ვუყვარვართ ჩვენ. ამ ნადიმში იგულისხმება მარადიული ცხოვრება, სასუფეველი და წმინდა ევქარისტიაც – ზიარების საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიებში. ჩვენ ვეზიარებით უფალი იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ვუერთდებით საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა. უფალი მოუწოდებს ადამიანებს, რომ მან შექმნა სამყარო სწორედ ამისთვის რომ ჩვენ ვეზიაროთ და ვიყოთ მონაწილენი დიდი სიხარულის. სახარება არის იმაზე, რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდეგ. როდესაც ჩვენ უფალი გვიწევს ჩვენ ვცდილობთ, მიწიერს მივეჯაჭვოთ, მიწიერ ღირებულებებს და ვეუბნებით უფალს – მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალოთ. ჩვენ არ გვცალია ჯერ ზეციურისთვის და ვცდილობთ ისე დავმკვიდრდეთ დედამიწაზე, რომ არაფერმა არ შეგვარყიოს. ჩვენ ვპოულობთ დედამიწაზე ისეთ საქმიანობას, რომლის გამოც ვერ ვიცლით ღმერთისთვის, ისეთ სიყვარულს რომელიც გვავიწყებს ღმერთს და ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე ღმერთის სიყვარული. უფალი ამბობს, რომ წადით და ყველას მოუწოდეთ კეთილსაც და ბოროტსაც საქორწინო ნადიმზე“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

მეუფემ მრევლს ისევ სახარების სიტყვებით მიმართა და აღნიშნა, რომ მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს.     

„სახარება ბოლოს მთავრდება სიტყვებით: „მრავალნი არიან ჩინებულნი, ხოლო მცირედნი რჩეულ“ – მცირედნი არიან რჩეულნი იმიტომ კი არა, რომ უფალი ირჩევს მცირედს, მცირედნი ღირსად თვლიან ღმერთს რომ ყურადღება მიაქციონ, დაუთმონ დრო, უარი თქვან ადამიანურ სიხარულებზე. საბოლოო ჯამში, როდესაც ამ მიწიერს და აქ დამკვიდრებას ვითხოვთ, მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს, ნაკვეთი ადამიანს გადაექცევა საფლავად. მისი შრომა რომელიც ღმერთს ავიწყებს ერთი-ორი თაობის შემდეგ აღარავის აღარ ახსოვს და სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში. დავფიქრდეთ ჩვენ ვინ ვართ, როგორნი ვართ დღეს ჩვენ, ვპასუხობთ თუ არა ღმერთს ამ მოწოდებაზე. საკმარისია ჩვენ ვუპასუხოთ ამ სიყვარულით, რომ უფალი მიგვიღებს ჩვენ ამ საქორწინო ნადიმზე, რომელიც არის მარადიული. ვინც უარს ეტყვის მასზე უფალი ბრძანებს, ჩააგდეთ ბნელსა შინა გარესკნელსა, სადაც არის ტირილი და ბრჭენა კბილთა. ჩვენზეა დამოკიდებულები სად გვინდა აღმოვჩნდეთ და ვიყოთ სადაც არის გარესკნელი, თუ გვინდა ვიყოთ ძე ღმერთის მარადიულ ნადიმზე“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები