„რა ვუყო ამ ეშმაკისეულ თანხას?“ – ნატო ჩხეიძე სადეპუტატო ხელფასზე

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ამბობს, რომ ხელფასი ჩაურიცხეს, მაგრამ არ იცის სად წაიღოს ეს თანხა.  

„ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, ოცნებისგანაც ძნელი წარმოსადგენი იყო. მაგალითად, განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო. და რა, არც არაფერი. რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო. აქაც – არც არაფერი. უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით.

გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა. ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც ​დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო… ​სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო. ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას? ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ“, – აცხადებს ნატო ჩხეიძე.

მის მსგავსად, სადეპუტატო ხელფასი კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მიიღო. დეპუტატები კი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და საფიქრალში არიან. საპარლამენტო უმრავლესობა კი მათ ურჩევს, თუ ხელფასი არ უნდათ, უკან, ბიუჯეტში დააბრუნონ.

მსგავსი თემები