ცესკო-დან “კურატორის” სახელით სატელეფონო ზარები ხორციელდება და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, იყო შემთხვევები, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რამდენიმე კონკურსანტთან განხორციელდა სატელეფონო ზარი და უცნობი პირი, ვინმე „კურატორის“ სახელით აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგან და რამდენიმე ოლქიდან მიიღო. დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც, მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

ლანჩხუთის ოლქში მონაწილე კონკურსანტების მიერ მოწოდებული სატელეფონო ნომერი ცესკომ საკუთარ ელექტრონულ ბაზებში გადაამოწმა, რომელშიც დაცულია წევრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების, დამკვირვებლების და სხვა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ცესკოს ბაზის მიხედვით კონკრეტული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს პარტიის წარმომადგენლად იყო რეგისტრირებული.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პროვოკაციის მიზნით, კონკურსანტებს განცხადებები შეჰქონდათ სხვადასხვა თანამდებობის პირების სახელის გამოყენებითაც. აღნიშნულ ფაქტებზე საოლქო საარჩევნო კომისია ახდენდა შესაბამის რეაგირებას, რაც გულისხმობს კონკურსის წესის განმარტებას და კანონის ფარგლებში პროცესის წარმართვას.

​ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას, პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ შეფასებას და არჩევნების სანდოობას.

როგორც განცხადებაშია ​ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად, გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

მსგავსი თემები