„თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“ – გიორგი გახარია ოპოზიციას

„ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ – თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით“ – ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ დარბაზში არმყოფ ოპოზიციას.  

მისი თქმით, ოპოზიციის კრიტიკის არავის ეშინია.  

„არავინ არის კრიტიკის წინააღმდეგი და კრიტიკის არავის ეშინია, მაგრამ ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად  სახელმწიფოს დელეგიტიმაცია არის უაღრესად რისკის შემცველი ნაბიჯი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს გამკლავება გამოწვევებთან და პრობლემებთან, გლობალური პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

როგოც გახარიამ აღნიშნა, მომავალი წელი აღდგენის წელი იქნება.

„მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე  – გლობალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები