„პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც ოპოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის“ – გიორგი გახარია

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით უპასუხისმგებლო ქმედებებს“ –  ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ არსებულ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ.

„ჩვენ არაორდინარულ გარემოში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება; გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ“ – აღნიშნა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე შეფასებით სამწუხაროა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, ვინაიდან „ერთად“ ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიასა და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს. ვერ გავაჩერებთ ქვეყანას მარტივი მიზეზის გამო – ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები. როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. პასუხისმგებლობა ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის და ეს აბსოლუტურად სწორად გვაქვს გააზრებული“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები