„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური“ – გიორგი გახარია

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგადასახადო სისტემაში არის უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. შესაბამისად, პრემიერის თქმით, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობით დეტალურად უნდა იყოს განხილული ყველა შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობაა აღნიშნული ნაწილი გაძლიერდეს, ნაწილ შემთხვევაში კი გაუქმდეს.

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. საგადასახადო სისტემაში დღეს ჩვენ გვაქვს უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ და ხშირ შემთხვევაში ალბათ, გავაუქმოთ, იმიტომ, რომ ეფექტურობა ამ საგადასახადო შეღავათების, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დღეს.

ჩვენ ასევე ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს, განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების – დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები. ან საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმების საკითხი. მაშინ, როდესაც საგადასახადო საკანონმდებლო ჩარჩო მოყვანილია წესრიგში, მაშინ, როდესაც არსებობს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აძლევს ბიზნესს შესაძლებლობას, გამოიყენოს დავების, მედიაციის და სხვადასხვა ინსტრუმენტები, დადგა დრო, რომ ჩვენ სერიოზულად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანობა და მათ შორის სამართლიანობაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები