„ეს არის ჭიდილი ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს შორის“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის – შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები იქ იღებიან სადაც მათი კომპეტენცია არ ვრცელდება. აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„გადაწყვეტილება, რომელიც გახსნასთან და რეგულაციების შერბილებასთანაა დაკავშირებული, ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ხდება დაგვიანებით.  დღეს ქვეყანაში ჭიდილია ორ მხარეს შორის. ერთია ეკონომიკური გუნდი და მეორე –  ეპიდემიოლოგები. ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა გააჟღერა კიდეც, ჩემი ნება რომ იყოს, 6 თვით მთელ მსოფლიოს ჩავკეტავდიო. მე ვერ ვპოულობ ჩემსა და ეპიდემიოლოგს შორის განსხვავებას. მეც შემიძლია 6 თვით ჩავკეტო მსოფლიო, ამ შემთხვევაში რა როლს თამაშობს ეპიდემიოლოგი. მისი ვალია, პანდემიის პერიოდში არ დავიხოცოთ და თანაცხოვრება მოვახერხოთ ვირუსთან. ჩაკეტვით როცა წყვეტ  პრობლემას, ეს ყველას შეუძლია, ეს ეპიდემიოლოგოს კომპეტეცია არ არის“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, თუ ბიზნესს მოქმედების საშუალება არ მისცეს, ბიუჯეტსაც პრობლემები შეექმნება.

„ბიზნესი არის სახელმწიფო დოვლათის შემქმნელი, რომელიც ჩვენ, ადამიანებს გვიბრუნდება. თუ გადასახადი არ შევიდა ბიუჯეტში, ვერც ის ეპიდემიოლოგი დაფინანსდება, ვერც პენსია და ვერც ბიუჯეტი. შესაძლებლობა უნდა მიეცეს ქვეყანას განვითარების და ეკონომიკური მართვის“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

 

მსგავსი თემები