„ოკუპაცია, სამწუხაროდ იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების განზომილება.
„ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება, ამიტომ ჩვენთვის, მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ნომერ პირველი ამოცანა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჩვენმა დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და დღესაც საქართველოს ოკუპაცია, საერთაშორისო დონეზე, ჩვენს პარტნიორ დედაქალაქებში ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული და ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს შეზღუდვა მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოვუხსნათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-თან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა და დემოკრატიზაცია.
„ეს არის ის მიმართულებები, სადაც ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ფასეულობების დონეზე თანხვედრას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ განცხადებების დონეზე იყოს კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტული შედეგების მომტანი გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, პირველ რიგში ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.