“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსი” გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

“მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა “ქართული ოცნების“ ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამისი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს და გადახედონ იმ გადასწორებულ, სამარცხვინო ოქმებს, რომელიც გამოფინა თავის დროზე ცესკომ.

შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი.

ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ამ განცხადებას შევიტანთ პარლამენტში, მანდატებს ვტოვებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ოცი დღის განმავლობაში ვიყავი ავად და მანამდე ვერ მოვახერხე ამ განცხადების შეტანა. ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი იყო ავად კორონავირუსით. ახლა კარგად ვარ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”,-ირმა  განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი თემები