„იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე“ – ევროკავშირის ელჩი

„მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას“ – ასეთია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასება პოზიცია-ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.   

როგორც ელჩი აცხადებს, ის იბრძოდა და დღესაც იბრძვის შეთანხმების მისაღწევად.

„მინდა შევაჯამო გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები, უფრო კონკრეტულად კი ის, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს უკავშირდება. როგორც იცით, მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც  ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას.

ამას მოჰყვა ორი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მმართველი პარტიის მხრიდან. ერთი ინიციატივა ეხება საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს და მეორე – პარტიების დაფინანსებას. ეს ინიციატივებიც  ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს, ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო“ – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცერის განცხადებით, პარტიები ერთმანეთს უფრო მეტად შორდებიან.

„ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება, მაშინ როდესაც დრო მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ.  ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“ – განაცხადა ელჩმა. 

მსგავსი თემები