„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაზე თბილისს ევროკომისარი ეწვევა

​საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს, 3 სექტემბერს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. მისი ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რომელიც  მოსწავლეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ.
2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე 30 მოსწავლეა შერჩეული.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია და ის პირველი სკოლა იქნება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. მოსწავლეები შეირჩევიან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით.

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე, კერძო სასწავლებლის, “ახალი სკოლის” ბაზაზე განთავსდება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოიყო.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

​საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტი, ერთ-ერთი წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას, ფაქტობრივად, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებით.

„ეს გახლავთ ერთი წლის განმავლობაში ევროკომისრის უკვე რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში. მას საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა არის პირველი რეალიზებული შედეგი იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან, რომლებიც დასახულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. სკოლაში, 16-17 წლის ახალგაზრდები მიიღებენ ევროპული ბაკალავრიატის ხარისხის დიპლომს.

იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებს. საუბარი იქნება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაციაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით. ასევე, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

 

მსგავსი თემები