,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი” – პროკურატურა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობაზე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ გოგონას გარდაცვალებამდე ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გათვლილი.  

„მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეო ფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე, ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: ,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა’’.

ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულ 16 ვიდეო ჩანაწერს და მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ სამ ვიდეო ჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი.

2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში, თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.

აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მან გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს – „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო … .“  – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები