„თებერვალში ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას“ – საახალწლო ფასები – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, თებერვლიდან ეროვნული ვალუტა გაუფასურებას გააგრძელებს, რაც პროდუქტებზეც აისახება, თუმცა, ახალი წლის პერიოდში, ფასების განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნული განცხადება ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ახალი წლის პერიოდში ფასების განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუ საერთაშორისო ბაზარზე რიგ პროდუქტზე არ მოხდა ფასების ცვლილება. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ რიგი კომპანიები დაიწყებენ აქციებს, პირობითად 2+1 ან 3+1 აქციით, ამ მიმართულებით, რომ წაახალისონ თავიანთი პროდუქცია და მოხდეს მისი რეალიზება. საშიშროება, რომ პროდუქტი ძვირი დაგვხვდება და ვერ ვიყიდით, არ არის. აქამდე, რაზეც იყო ფასები, მაგალითად 2 კვირის ან ერთი თვის წინ, იგივე ფასები იქნება წინასაახალწლოდაც”, – განაცხადა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება მომავალ წელს, მისი შეფასებით, რომ ახალი წლის გადავლის შემდეგ საკმაოდ მძიმე რეალობაში ვიქნებით.

„ჩემი მოლოდინია, რომ თებერვლის თვეში ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ შედარებით მეტი აქტივობა დაიწყება თებერვლის, ან მარტის თვეში. როდესაც უკვე შეზღუდვები მოიხსნება და მაღაზიებიც გაიხსნება, შედარებით მეტი მოთხოვნა იქნება მოსახლეობის მხრიდან და ეს იქნება უფრო მეტი ზეწოლა ლარზე. ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი ბუნებრივად აისახება პროდუქტების ფასებზე, განსაკუთრებით კი, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე“,- განაცხადა „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები